ანდრია რაზმაძე

ანდრია რაზმაძე ორმოცი წლისა გარდაიცვალა, მაგრამ მაინც მოასწრო მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსის სახელის მოხვეჭა. იგი მოწაფეობიდანვე იჩენდა სინეჯითეს. ორი წლით ადრე დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, სადაც გამოავლინა მათემატიკისადმი მიდრეკილება. სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია) უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით. ამის გამო, მათემატიკის მასწავლებელმა ურჩია, მოსკოვის უნივერსიტეტში შესულიყო მათემატიკის ფაკულტეტზე. ნიჭიერ ყმაწვილს კი, როგორც რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ამის უფლება არ ჰქონდა. იმ დროს რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ტარტუს უნივერსიტეტი იყო ისეთი უნივერსიტეტი, სადაც გიმნაზიების კურსდამთავრებულებთან ერთად რეალური სასწავლებლებისა და სემინარიების კურსდამთავრებულებსაც იღებდნენ. ანდირა რაზმაძეს კი სწორედ მოსკოვის უნივერსიტეტში სურდა სწავლა, მაგრამ მის სურვილს წინ ეღობებოდა ისიც, რომ ლათინურის კურსი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ გადაწყვიტა, მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩარიცხულიყო. ჩაირიცხა კიდეც 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოცდაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე.

ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, რიცხვთა თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. მიუხედავად ამ წარმატებისა, იგი არ დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად, რადგან მისი გვარი „ძე“-ზე მთავრდებოდა. ანდრია რაზმაძე იძულებული გახდა, რუსეთის პროვინციებში ემასწავლებლა. ქალაქ მურომში მასწავლებლობის დროს დაწერა და ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში გამოაქვეყნა გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე.

1917 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში - წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტისა. აქვეყნებდა შრომებს საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის) მთავარ ჟურნალებში და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია მისი მოხსენებები მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (ამერიკა, 1924 წელი), რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე (1926 წელი), მოსკოვის მათემატიკურ საზოგადოებაში (1928 წელი). ბოლო მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. მის შრომებს დიდ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეცნიერები. ამერიკელი პროფესორი ბლისი, საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტი პოლ ლევი, რუსი ნ. კრილოვი, იტალიელი ლ. ტონელი და სხვები სთხოვენ პარიზში გადასვლას და იქ მუშაობას. მაგრამ მეცნიერი უარს ამბობს მომხიბვლელ წინადადებაზე, რადგან სურს, წინ წასწიოს ქართული მეცნიერება. 1925 წელს იგი პარიზში ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო დისერტაციას.

ანდრია რაზმაძე არა მარტო დიდი მეცნიერი, დიდი პატრიოტიც იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ქართულ ენაზე პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები. შექმნა ამ დარგის ქართული ტერმინოლოგია. არ უყვარდა ზარმაცი სტუდენტები. ერთ სტუდენტს, რომელიც წიგნიდან იწერდა საკითხებს, საჯაროდ უთხრა: „თქვენ არ გაქვთ უფლება, იყოთ უნივერსიტეტის სტუდენტი და არც უნდა გაიაროთ ამ შენობის ახლოს ქუჩაზე“.

ზოგიერთი მეცნიერისგან განსხვავებით, ანდრია რაზმაძე ყოველთვის ცდილობდა, წარმოეჩინა საქართველო. იგი თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. 1924 წელს კანადაში ქ. ტორონტოში საერთაშორისო კონგრესზე მოხსენების წაკითხვის შემდეგ საქართველოს განათლების კომისარიატს ატყობინებდა: „მე ყველგან ჩაწერილი ვარ, როგორც საქართველოს დელეგატი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმომედგინა მეცნიერების მხრივ“. ანდრია რაზმაძე ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მისი წინადადებით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს.

სამწუხაროდ, როდესაც ანდრია რაზმაძე 1929 წელს უცხოეთში ახალი მივლინებისათვის ემზადებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ წელს ბაკურიანში წავიდა ოჯახთან ერთად, სადაც ავად გახდა. მალე თბილისში წამოიყვანეს. იგი რკინიგზის სადგურში, ვაგონში გარდაიცვალა. დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში, 1989 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.

ანდრია რაზმაძის გარდაცვალების გამო იტალიელი მათემატიკოსი ლ. ტონელი წერდა: „ანდრია რაზმაძის გარდაცვალება გლოვის მიზეზია არა მარტო თბილისის უნივერსიტეტისათვის, არამედ მთელი მეცნიერებისათვის. მისი სახით მათემატიკა კარგავს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოღვაწეს, მგზნებარე მკვლევარს, მახვილ და საღ გონებას, ზენათელ სულს“.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№13, 1997